აგვისტოს ომის მსხვერპლი გივიკოს ემოციური ისტორია

11 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, თუმცა მისით დაზარალებული ადამიანების ისტორიები გრძელდება. “ინდიგო” აქვეყნებს ისტორიას გივიკოს შესახებ.

13 წლის გი­ვი­კო წვე­რა­ვას გადარჩენას დედამისი შეეწირა. მისი ისტორია ხალხისთვის ცნობილია, თუმცა ის რასაც ახლა იხსენებს, მაინც მძიმე და ემოციური წასაკითხია:

სიზმრებში ვხედავ დედაჩემს და მეღვიძება. გული მიჩქარდება, ვეღარ ვიძინებ ხოლმე. იმ მომენტს ვხედავ, თვითმფრინავი რო გადაგვაფრინდა თავზე. ყვირილის ხმა მესმის, გარშემო სუ მტვერია. მერე უცბად დედას ვხედავ, სისხლიანია ყველაფერი.

მარტო ჩემ თავში ვიხსენებ. მეგობრებმა იციან რო არ უნდა ისაუბრონ ამაზე. გაფრთხილებული მყავს.

პირველი ბომბი რო ჩამოაგდეს ბინის წინ, ქალებს მოხვდათ. ჩვენ გავრბოდით, სარდაფში უნდა ჩავსულიყავით. სადარბაზოს სარდაფი დაკეტილი დაგვხვდა და გვერდზე წავედით. ეზოში ქალები დავინახე, სულ სისხლში იწვნენ, ვიღაცეები ყვიროდნენ. დედაჩემმა თვალებზე ამაფარა ხელი, უკან გავიქცეთო.

თავზე გადაგვიფრინა თვითმფრინავმა ამ დროს. დედა ჩამეხუტა. ბომბი რო ჩამოვარდა, წნევამ ორივე გაგვისროლა. თავში მოხვდა დედას ნამსხვრევი, მე ფეხში. რო არ გადამფარებოდა სახეში მომხვდებოდა. მახსოვს სისხლში ჩამივარდა ტელეფონი.

დედასთან მივხოხდი და გავითიშე. მანქანაში მოვედი აზრზე. ჯარისკაცებმა წამომიყვანეს. სულ ვითიშებოდი. თვალს რო ვახელდი მამხნევებდნენ, არაფერიაო. დედა როგორ არის-მეთქი და კარგადააო. ამ დროს ყველაფერი დავინახე, დედაჩემი ჩემ გვერდზე იწვა. ვიცოდი, რაც მოხდა, მარა არ მინდოდა მეფიქრა რო ესე იყო.

ჰოსპიტალში იმან გამომაფხიზლა, რო თქვეს ფეხი უნდა მოვაჭრათო. ყველა სისხლძარღვი და ნერვი გადაჭრილი აქვსო, ძვალიც გახვრეტილი იყო. ის დიდი ბომბის ნამსხვრევი ფეხში მქონდა გარჭობილი. რო ვუყურებდი გული მიმდიოდა. სამი თუ ოთხი საათი ვიწექი ეგრე. მახსოვს მამაო მოვიდა და ზეთი მცხო. მერე თვითმფრინავმა გადაიფრინა იქაც და გარბოდა ხალხი. მეშინოდა, მაგრამ ვერავის ვერ ველაპარაკებოდი. საკაცეზე ვიწექი, საწოლი აღარ იყო. ჯარისკაცები იყვნენ იმდენი დაჭრილები. მომენტებში ვითიშებოდი ტკივილისგან, სისხლსაც ბევრს ვკარგავდი.

დედაჩემის მეგობარი დავინახე იქვე, ექიმია და დავუძახე, მომხედე-მეთქი. ეგრევე მანქანა გააჩალიჩა და მე და ერთი ჯარისკაცი წაგვიყვანეს თბილისში. ორივე ფეხი ქონდა იმას მოჭრილი.

ჟვანიას კლინიკაში შვიდსაათნახევარი მიკეთებდნენ ოპერაციას. ბომბის ნამსხვრევები ხო ცხელი იყო, მაგან მოწვა კანიც და სისხლძარღვებიც, სისხლი შეადედა, თორე დავიცლებოდი სისხლისგან. მთავარი არტერია გადაჭრილი მქონდა.

თვითმფრინავის ხმას რო გავიგებდი ცუდად ვხდებოდი, გული მიჩქარდებოდა, ფეხი მიხტუნავდა თავისით. ფსიქოლოგებმა გამომიყვანეს, თორე ხანდახან ნემსებით მთიშავდნენ ხოლმე.

ბებიაჩემს თავიდან ვეუბნებოდი, წადი, დედაჩემთან იყავი-მეთქი. ვითომ მჯეროდა, რასაც მეუბნებოდნენ, საავადმყოფოშია ისიც და უკეთ არისო. მაგ მომენტებში მეც ვაჯერებდი თავს რო ცოცხალია. მერე ბებო “პროფილში” უნდა გამოსულიყო, ეგრე შემთხვევით არ გაიგოსო და ნათესავს თხოვა შენ გააგებინეო. შემოვიდა თუ არა, ვიცი-მეთქი, აღარ ვათქმევინე. გადავბრუნდი და ჩემთვის ვტიროდი ჩუმად.

ჟვანიაში ბევრი ხალხი მოდიოდა, უცხოები, გვეხმარებოდნენ რითიც შეეძლოთ. ჩემმა ექიმმა თვითონ წამიყვანა ოპერაციაზე გერმანიაში. ეგ თვითმფრინავში ასვლა ჩემთვის საშინელება იყო. წამლები დამალევინეს და ეგრე გავუძელი იმ შიშს. ბებო ვერ წამოვიდა, მაგის და გამყვა.

გერმანიაში ყველაზე ნათლად მახსოვს ფეხი რო დამადგმევინეს პირველად. ისეთი ბედნიერი ვიყავი, პატარა ბავშვივით მიხაროდა. მეტი არაფერი არ მახსენდება ხოლმე. მალე მინდოდა ჩამოსვლა. მეგობრებს ტელეფონით და სკაიპით ველაპარაკებოდი. სუ მირეკავდნენ.

ეზოში რო შემოვედი პირველად, ძალიან უცნაური განცდა მქონდა, თან ძალიან მწარე იყო იმის გახსენება, თან მიხაროდა.

სხვანაირი დამხვდა აქაურობა. ხალხიც შეიცვალა. ზოგი გაგიჟდა საერთოდ, რაც ნახეს როგორ ეყარნენ ქალები, ხელები, ფეხები, სუ აქეთ-იქით ეგდო.

სუ ჩემთან იყვნენ მეგობრები, სანამ სკოლაში წავიდოდი. პირველ დღეს ტორტი გამიკეთეს. ბევრჯერ ცრემლებიც წამომსვლია იმაზე, რო არ მინდოდა ამხელა ყურადღება და შეცოდება.

ფეხზე მეუბნებიან მადლობელი არ ხარ, დაჟე ესე რო დადიხარო? გაჭედილია სახსარი, გრძნობა არა მაქვს მაგ ფეხში. ხელოვნური ვენები რო ჩამიდგეს, ფიზიკურ დატვირთვაზე ეგრევე მტკივდება და ათი დღე, ორი კვირა ვწვები ხოლმე. სამსახურში ამდენი ხანი ვინ დაგელოდება. ერთი, ათი სამუშაო მაქვს გამოცვლილი. ბოლოს თევზის ქარხანაში ვმუშაობდი. ხუთასი კილო თევზი გამომქონდა ყოველ დღე. მიწერია დატვირთვა კი არა, ფეხის გაციებაც არ შეიძლებაო. არ გამოდის ეგრე, ვიწექი მერე ერთი თვე.

ორჯერ ჩავაბარე, არ დამაფინანსეს და გამოვიტანე საბუთები. აქედან წასვლას არ ვაპირებ, ბებოსაც ვერ დავტოვებ.

მიყვარს ეს ადგილი. სადმე რო მივდივარ სულ მენატრება ხოლმე. იმ დღეს მახსენებს, მარა დედაჩემის საფლავია, ის ადგილიც აქაა, სადაც გადამეფარა და გადამარჩინა. მაგიტო მენატრება ხოლმე.