მთავრობის ადმინისტრაციასთან ელექტრომობილების მეპატრონეებმა აქცია გამართეს. ისინი ბათუმიდან სპეციალურად ჩამოვიდნენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები ბათუმის საკრებულოს 5 მარტის დადგენილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილების მოძრაობა იკრძალება.
ეს გადაწყვეტილება ბულვარის ადმინისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს.
ელექტრომობილების მეპატრონეები ნებართვის გაცემას მოითხოვენ,რადგან მათი ძირითადი შემოსავალი ელექტრომობილებით ტურისტების მომსახურებაა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარში და ასევე პარკში ელექტროტრანსპორტით გადაადგილება იკრძალება, ახალი რეგულაცია 1 მაისიდან ამოქმედდება.
ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აკრძალვის წესი საერთაშორისო ქვეყნების გამოცდილების მიხედვით შემუშავდა და აღნიშნული დადგენილება ბულვარში უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს.
ტურისტულ სეზონზე ბათუმის ბულვარში, ელექტრომობილებით გადაადგილების შედეგად, არაერთი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.