“აიპლიუსის” მაღაზიაში მძევლის აყვანის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მძევლად ხელში ჩაგდების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

დაკავებულია  1987 წელს დაბადებული ნ.რ., რომელსაც  ჩადენილი დანაშაულისთვის  7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.რ. მიმდინარე წლის 26 ივნისს, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია “iplus”-ში შეიჭრა, რის შემდეგაც, გამყიდველს – თ.კ.-ს ძალადობის და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფული და ტელეფონი მოსთხოვა. ბრალდებულმა ასევე დააზიანა მაღაზიის ინვენტარი და გასაყიდი საქონელი. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნ.რ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე მიმდინარეობს, სსკ-ს 144-ე და 187-ე მუხლებით”-აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.