ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმის შემდეგ იარაღის ტარებასთან დაკავშირებით არსებული კანონი მკაცრდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ჯასინდა არდერნის განცხადებით ცვლილება ძალაში უახლოეს საათებში შევა. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ახალ ზელანდიაში ნახევრად ავტომატური იარაღის ყიდვა თავისუფლად არის შესაძლებელი. ამისთვის უბრალო ლიცენზიაც კი საკმარისია. ნახევრად ავტომატური იარაღის ყიდვა 16 წლის ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ, ხოლო ავტომატური იარაღის ყიდვა 18 წლის მოქალაქეებს.
15 მარტს მეჩეთებზე თავდასხმაში ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 28 წლის ბრენტონ ტარანტი წინსაწარი დაკავების საკანში 5 აპრილამდე დარჩება. ახალ ზელანდიაში, ქალაქ კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვებიც. არიან დაშავებულებიც. პირველი თავდასხმა მასჯიდ ალ ნურის მეჩეთში მოხდა, სადაც 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველთა განცხადებით, მეჩეთში შავებში ჩაცმული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და სროლა დაიწყო. თავდამსხმელმა ცეცხლი ჯერ მამაკაცების, შემდეგ კი ქალების სამლოცველო დარბაზში გახსნა და სამართალდამცველების მისვლამდე ადგილიდან მიიმალა. მალევე მორიგი თავდასხმა ქალაქ კრაისტჩერჩში მდებარე კიდევ ერთ მეჩეთში განხორციელდა.
თავდასხმის ფაქტებზე პოლიციამ ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტი დააკავა. მან თავდასხმამდე „ანტიიმიგრაციული მანიფესტი“ გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ ქმედებებს განმარტავს. ბრენტონ ტარანტი თავდასხმის პროცესს სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერშიც გადასცემდა. ორივე თავდასხმასთან დაკავშირებით სულ ოთხი ადამიანია დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი ავსტრალიის მოქალაქეა.
ტერორისტული აქტიდან მალევე ინტერნეტში გავრცელდა მეჩეთზე თავდამსხმელის იარაღის მჭიდის ფოტოც, რომელზეც დავით აღმაშენებლისა დ დავით სოსლანის სახელები ქართულად აწერია. ამოღებული იარაღის შესახებ საქართელოს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურმა სტრატეგიულ პარტნიორებს უკვე მიმართა.