ახალი მინისტრი აცხადებს, რომ თანამდებობაზე სერგეენკოს რეკომენდაციით დაინიშნა

“ნამდვილად ვღელავ, მადლობა მინდა გადავუხადო, პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის და ბატონ დავითს რეკომენდაციისთვის” – განაცხადა  ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე დღეს დავით სერგეენკოს შემცვლელად პრემიერმა წარადგინა.სერგეენკო კი  პრემიერის მრჩევლად დაინიშნა.

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება მისივე ინიციატივით მოხდა. მისი თქმით, ჯანდაცვის ახალი მინისტრის თანამდებობაზე ეკა ტიკარაძის კანდიდატურას რეკომენდაცია მან გაუწია. დავით სერგეენკოს განცხადებით, მან პრემიერთან კონსულტაციები გამართა, რათა მიიჩნევდა, რომ ჯანდაცვის სფეროში უკეთესი შედეგის მისაღწევად აუცილებელი იყო ცვლილება.

ტიკარაძის განცხადებით, მისი მიზანია, რომ რეგიონში ყველაზე წარმატებული და ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა ჩამოყალიბდეს.

„ჩვენი შემდგომი ეტაპი ისახავს მეორე ფაზის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს მეტად ეფექტურ და მიზნობრივ მართვას. პრიორიტეტად რჩება ისეთი საკითხები ,როგორიც არის პაციენტის უფლებების დაცვა, მკურნალობის ხარისხი, ფარმაცევტული ბაზის იმგვარად მოწესრიგება,რომ ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი მედიკამენტები.

ასევე მთელი რიგი პრობლემები დაკავშირებული სოციალურ სფეროსთან დევნილებთან დაკავშირებით და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კვლავ რჩება დიდი გამოწვევად.

დარწმუნებული ვარ გავაკეთებთ ყველაფერს და პერსპექტივაში მივიღებთ რეგიონში მივიღებთ წარმატებულ და ადამიანზე ორიენტირებულ სისტემას,“-განაცხადა ტიკარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო, მინისტრის პოსტის დაკავებამდე საჩხერის კლინიკის დირექტორი იყო დავით სერგეენკოც.