ამ დოკუმენტის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილი ჯერ კიდევ 2015 წელს ალაპარაკდა, თუმცა ეს საკითხი დავიწყებას მიეცა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და კომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის დაბრუნების შემდეგ კი ოქრუაშვილმა გადაწყვიტა რუსთავი2–ზე პრეტენზია ოფიციალურად განაცხადოს. „მხარეები ადასტურებენ, რომ გასული 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილისგან და მასთან აფილირებული პირებისგან 7.700.000 (შვიდი მილიონ შვიდასი ათასი) ამერიკული დოლარი მიიღო სესხის სახით. ზემოაღნიშნულის დასტურად, ქიბარ ხალვაში თანხმდება, რომ აღნიშნული თანხის 10%-იანი სარგებელთან ერთად სრულად დაუბრუნებს ირაკლი ოქრუაშვილს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესაბამისად, არაუგვიანეს 2015 წლის 1 იანვრისა“. – წერია დოკუმენტში.
ამ დოკუმენტის თანახმად, ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის მეშვეობით შეიძინა ტელეკომპანია რუსთავი 2. “მხარეები ადასტურებენ რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ქიბარ ხალვაში სსახელითა და მეშვეობით, (აგრეთვე ამ უკანასკნელის საკუთრებაში და კონტროლქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით) შეძენილ იქნა საქართველოს იურისდიქციაში მყოფი ტელეკომპანია რუსთავი2–ის 100%–იანი წილი, რომლის გარიგებებიც სრულად იქნა დაფინანსებული ირაკლი ოქრუაშვილის მიერ. ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი2–ის შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით, შესაბამისად, ტელეკომპანია რუსთავი2–ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, რუსთავი 2–ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს რუსთავი2-თან დაკავშირებულ არცერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე. “–ნათქვამია დოკუმენტში.