ახალი წლის ღამეს სტრასბურგში ახალგაზრდებმა 200-ზე მეტი მანქანა დაწვეს

ახალი წლის ღამეს ფრანგმა ახალგაზრდებმა 200-ზე მეტი მანქანა დაწვეს.

მათ მიერ საახალწლო პიროტექნიკის სროლის შედეგად 30 წლის მეხანძრე გარდაიცვალა. მას ,,ნაღმტყორცნის” მსგავსი მაშხალა ესროლეს.

გარდა ამისა, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავდა 50 ადამიანი, რომელთაგან 20 არასრულწლოვანია. დაშავებულებს დაზიანებები უმეტესად კიდურებისა და თავის მიდამოებში აქვთ.

საფრანგეთის სახანძრო და სამაშველო სამსახურის პრეზიდენტმა, ტიერი კარბიენერმა დაგმო ძალადობა და განაცხადა, რომ პოლიციელებსა და მეხანძრეებს ახალგაზრდები რკინის ძელებით და კიბეებით დაუპირისპირდნენ. ,,ჩვენ საქმე გვაქვს ულტრა-ძალადობრივ, ორგანიზებულ ჯგუფებთან, რომლებიც ცეცხლს მხოლოდ იმიტომ ანთებენ, რომ იქ მეხანძრეების და პოლიციელების მისვლის შემდეგ, მათ დაუპირისპირდნენ. მათი სამიზნე არა მანქანები, არამედ კაცები არიან”,- ამბობს კარბიენერი.

ახალი წლის ღამეს სტრასბურგში პოლიციამ 40-მდე ადამიანი დააკავა.

საფრანგეთში მანქანების დაწვა ყოველწლიურ ,,ტრადიციად” იქცა. შარშან და შარშანწინ სტრასბურგის გარეუბნებში ვანდალურმა ჯგუფებმა ასობით ავტომობილი დაწვეს.

საფრანგეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ახალი წლის ღამეს მსგავსი ვანდალური ფაქტები ხდება. მისი მეზობელი ქვეყნის, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 2020-წლის დადგომის შემდეგ 11 ავტომობილი და სკუტერი დაწვეს. პოლიციამ 181 ადამიანი დააკავა.