„ალ-ჯაზირა“ – აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ, სავარაუდოდ, თავი აიფეთქა

ამერიკელმა სამხედროებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის წინააღმდეგ სირიაში სპეცოპერაცია განახორციელეს.

აშშ-ის სპეცდანიშნულების ძალებმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში იდლიბის პროვინციაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარეს, რაშიც 8 ამერიკული ვერტმფრენი მონაწილეობდა. ავიაიერიშები 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ალ-ბაღდადიმ სავარაუდოდ თავი აიფეთქა.

სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას რამდენიმე საათში აპირებს.

შეგახსენებთ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამნაშავე იყო, რომელზეც აშშ-ს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. „ალ-ქაიდას“ ლიდერი ის 2010 წელს გახდა, მოგვიანებით კი „ისლამური სახელმწიფოს“ შემადგენლობაში გადავიდა.

2011 წელს აშშ-ის ხელისუფლებამ ის ოფიციალურად გამოაცხადა ტერორისტად და მისი ადგილსამყოფელის გამოცხადებაზე 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.