“ალბათ, მინისტრმა შუბლზე უნდა დაიწეროს რომ შინ ტრაგედია აქვს”-ეს კომენტარი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლია მუხაშავრიას განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
იურისტმა ლია მუხაშავრიამ „რუსთავი2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა და თეა წულუკიანის ტანსაცმლის ფერზე გაამახვილა ყურადღება.
„თვალში საცემი იყო, იმ დღეს წულუკიანი შავებში რომ იყო გამოწყობილი. ეტყობა, არ იცოდა, რა გადაწყვეტილება იქნებოდა და ალბათ, არ მოელოდა ამ შედეგს, თორემ როგორც სჩვევია, ფერად ტანსაცმელს ჩაიცვამდა”-განაცხადა მუხაშავრიამ.
ამ შეფასებას თეა წულუკიანი ფეისბუქის პირად გვერდზე გამოეხმაურა.
„არც კი ვიცი, როგორ ხდება ხოლმე ისე, რომ ადამიანი ასე მიდის ხელიდან… და მისთვის იმ ადამიანის პირადი ტრაგედია და გლოვაც კი დასაცინი ხდება ხოლმე მხოლოდ იმიტომ, რომ მას ვერ იტანს. ალბათ, პოლიტიკოსმა და მინისტრმა შუბლზე უნდა დაიწეროს, როცა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს, შინ ტრაგედია აქვს. დასანანია..”, – დაწერა თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში.