“სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერს, კახა კალაძეს დებატებში იწვევს. როგორც ალეკო ელისაშვილი განცხადებაში ამბობს, დებატების თემა მერიის სატრანსპორტო რეფორმა იქნება.
“გადაადგილება როგორც ფეხით, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით და განსაკუთრებულად მანქანით, არის შეუძლებელი. ამ შედეგების წინასწარ დათვლა არ იყო რთული, ვინაიდან როგორც სახურავიდან არ შენდება სახლი, ასევე არ შეიძლება ტაქსების რეფორმით დაიწყო სატრანსპორტო რეფორმა,ამიტომ, მე ქალაქის მერს ვიწვევ დებატებში ნებისმიერ არხზე. ვიწვევ არა იმიტომ, რომ მასთან ლაპარაკი მომენატრა, არამედ იმისთვის, რომ ავუხსნა მას და მის არაკომპეტენტურ გარემოცვას რა პრობლემებიც წარმოქმნეს. მინდა ავუხსნა, რომ ეს გაუაზრებელი რეფორმა არის გასაჩერებელი და რეალურად სატრანსპორტო რეფორმა უნდა დაიწყოს მეტროს შესაძლებლობების გაძლიერებიდან, ავტობუსების დამატებით და ა. შ.“ – აცხადებს ელისაშვილი.