ალეკო ელისაშვილის და “სამოქალაქო მოძრაობის“ კანდიდატი შალვა შავგულიძეს მეორე ტურში მხარს არ დაუჭერენ

მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში ალეკო ელისაშვილის და მისი “სამოქალაქო მოძრაობის“ კანდიდატმა, ლევან იოსელიანმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მეორე ტურში მხარს არ დაუჭერს თავისუფალი დემოკრატების და ევროპული საქართველოს კანდიდატს, შალვა შავგულიძეს. ლევან იოსელიანმა არჩევნებში ხმების 6.55% აიღო.

“მთელი ამ დროის მანძილზე გვეკითხებოდნენ, თუ რომელ კანდიდატს ვუჭერდით მხარს მეორე ტურში, თუმცა ეს კითხვა თავიდანვე იყო არასწორი. ჩვენ არასდროს განგვიხილავს სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერა. მთელი ეს პერიოდი ვფიქრობდით, დაგვეჭირა თუ არა მხარი შალვა შავგულიძისთვის. საკითხს მივუდექით პასუხისმგებლობით როცა ვთქვით, რომ ეს უნდა ვკითხოთ ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც მხარი დამიჭირა.

მთელი 10 დღის განმავლობაში სხვა არაფერი გამიკეთებია გარდა იმისა, რომ დავდიოდი ჩემს ამომრჩეველთან და ვეკითხებოდი აზრს, რას ფიქრობდნენ ისინი და როგორ მოვქცეულიყავით. ვადასტურებ ჩემს პიროვნულ პატივისცემას შალვა შავგულიძის მიმართ, თუმცა ჩვენი ამომრჩევლისთვის და ჩვენთვისაც მიუღებელია მხარი დავუჭიროთ მას არჩევნების მეორე ტურის წინ ერთი მიზეზით – მან თავისი პოლიტიკური მომავალი დაუკავშირა იმ გუნდს, რომლის მხარდაჭერაც ჩვენი ამომრჩევლისთვის მიუღებელია.“– აცხადებს იოსელიანი.

შალვა შავგულიძეს მეორე ტურში არც “გირჩი“ უჭერს, რომლის კანდიდატმა, ჰერმან საბომ მთაწმინდის არჩევნებში 4.76 % მიიღო. იმის შესახებ, რომ შავგულიძეს მხარს არ დაუჭერს განაცხადა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, გრიგოლ გეგელიამაც, რომელმაც ხმების 3.14% მიიღო. 

მთაწმინდის არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება. ერთმანეს  ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე და ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპრდებიან.