ალექსანდრე ბარამიძე: მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნების” პოლიტიკური ელიტა მფარველობს

{{ARTICLEIMAGE}}
მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს, რომელსაც სასამართლო ხელში აქვს ჩაგდებული, ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნების” პოლიტიკური ელიტა მფარველობს – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა. ბარამიძის თქმით,  ეს პროცესი მაშინ დაიწყო, როცა ივანიშვილმა წინა ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელი მოსამართლეები არა უკანონო ბრძანებების შემსრულებლებად, არამედ რეჟიმის მსხვერპლებად გამოაცხადა,

“ისინი ფაქტობრივად ყველა გადაწყვეტილებას ივანიშვილთან შეთანხმებით იღებენ საზოგადოების ინტერესებისა და წუხილების გაუთვალისწინებლად და საზიანოდ, რაც მთავარია, თავად მართლმსაჯულების საზიანოდ. მათ აქვთ მიზანი, შეასრულონ პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაკვეთები და ამით მოახდინონ საკუთარი თავის ლეგიტიმაცია და შემდეგ იზრუნონ საკუთარი თავის სამუდამოდ დასამკვიდრებლად სასამართლო ხელისუფლების სადავეებთან. ეს პროცესები დაიწყო რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა ლევან მურუსიძის თანდასწრებით, რომ ის მოსამართლეები, მათ შორის პირადად მურუსიძე, რომლებიც წინა ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდნენ და მისი მთლიანად კონტროლის ქვეშ იყვნენ, სინამდვილეში დანაშაულებრივი და უკანონო ბრძანებების შემსრულებლები კი არა, იმ წინა რეჟიმის მსხვერპლნი იყვნენ. ეს ადამიანები როგორც წინა, ასევე ახალი რეჟიმის სამსახურში სრულიად მარტივად ჩადგნენ. ეს ხალხი მთლიანად დაეპატრონა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საერთო სასამართლოებში პირველი ინსტანციის სასამართლოებსა და სააპელაციო ინსტანციას. შეხედეთ იმას, რომ ისინი გამუდმებით დევნიან სასამართლოდან მათ, ვინც მათი კლანის წევრები არ არიან და ნიშნავენ უვადოდ მოსამართლის თანამდებობებზე თავისი კლანის წევრებს. ახლა მათი ამოცანაა, თავისი თავი და თავიანთი ხალხი გაიყვანონ უზენაეს სასამართლოშიც, რითაც მთელი ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ “ჩაიხურება”, – განაცხადა ბარამიძემ.
“თავისუფალი დემოკრატების” წევრის თქმით, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების 10-კაციანი სია მთლიანად უნდა “ჩააგდოს” და უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს დემონტაჟი.

ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით “პარლამენტმა უნდა “ჩააგდოს” მოსამართლეთა სიის თითოეული კანდიდატურა, რადგან იუსტიციის საბჭომ ისინი თვითნებურად, ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურის გარეშე წარმოადგინა. ასევე, უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს დემონტაჟი, საიდანაც პირველ რიგში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანთან ალიანსში მყოფი ქადაგიძე, ძგირიშვილი და ხარებავა უნდა გაიწვიონ, რომლებიც ალიანსში იმყოფებიან მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანთან.

“ამის გაკეთება შესაძლებელია პარლამენტის რეგლამენტითა და საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით დადგენილი წესით. მათი გაწვევის საფუძველი იქნება ის, რომ ისინი არაჯეროვნად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. კარგი იქნება, თუ მოსამართლეთა კორპუსი იმავეს გააკეთებს – მთლიანად ეს კორპუსი არ შედგება კლანის წევრებისგან, იქ ძალიან ბევრი წესიერი მოსამართლეა, მიუხედავად იმისა, რომ კორპუსის თავში კლანია. მათი 1/5 თუ შეგროვდება, შეუძლიათ მოსამართლეთა კონფერენციის მოწვევა და საკითხის დაყენება იმ მოსამართლე წევრების გაწვევის შესახებ, რომლებიც იუსტიციის საბჭოში ასე მიდიან საზოგადოებისა და მართლმსაჯულების ინტერესების წინააღმდეგ. ამას გარდა, უნდა გაიწეროს პროცედურა და მოთხოვნები, როგორ უნდა შეირჩნენ კანდიდატურები პარლამენტში უზენაესი სასამართლოს წევრთა კანდიდატურების წარდგენასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოში მოქმედი კანონითაც ვერ განაწესებ მოსამართლეს, თუ მას პირველი ინსტანციის სასამართლოში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება არ აქვს. გარდა ამისა, უნდა გაიწეროს, თუ როგორ მონაწილეობენ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესში არამოსამართლე იურისტები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შიეძლება იყოს ის, ვინც მოსამართლე მანამდე არ ყოფილა, ანუ საზოგადოების წარმომადგენელი. ამ 10-კაციან სიაში ასეთი არც ერთი არ არის, ყველა სასამართლოს წიაღიდანაა. ამ ხალხს უბრალოდ არ უნდა, საზოგადოების წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას ამ პროცესში. ხოლო პროცესი უნდა იყოს ღია, საკონკურსო და ბევრი სხვა პიროებბი შეიძლება იყოს გათვალისწინებული”, აღნიშნა ბარამიძემ.