“ამ ცხოვრების დედაც” – წარწერები დასუფთავების სამსახურმა წაშალა

ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო სხვადასხვა ქალაქებში გაკეთებული წარწერები ზოგიერთ ადგილას გადაშალეს. წარწერების უმეტესობა გუშინ გვიან ღამით დაიწერა, თუმცა დღეს უკვე წაშლილია. თბილისსა და ქუთაისში კედლებსა და გზებზე გამოხატული პროტესტი გადაღებილია.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ გაწმენდითი სამუშაოები მერიის “დასუფთავების სამსახურმა” განახორციელა. დასუფთავების პრესსამსახურში კი განმარტეს, რომ ნაწერების წაშლა გეგმიური სამუშაოების ფარგლებში მოხდა.

“სავარაუდოდ, ჩვენი თანამშრომლების მიერ შესრულდა, მაგრამ წაშლაზე რამე დავალება არ მიგვიღია. ეს მოხდა გეგმიური სამუშაოების ფარგლებში, რა დროსაც სრულდება გაწმენდა-გასუფთავება. დავალება, რომ ყოფილიყო, ეს წაიშლებოდა ყველგან, წარწერა რამდენიმე ადგილზე დარჩენილია”, – აცხადებენ პრესსამსახურში.

“ამ ცხოვრების დედაც” – ამ სიტყვებით მოქალაქეებმა სხვადასხვა ქალაქებში 15 წლის მოზარდის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლა გააპროტესტეს, რომელსაც მძიმე შედეგი მოჰყვა.

ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები დღეიდან ისევ განახლდა.