ვასიკო ოდიშვილის ვასმედია იმედის ეთერში დღეს უჩვეულო ფორმატით გავიდა. წამყვანმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ამ გადაცემაში იუმორისტულ ჟანრზე უარი ეთქვა და სერიოზულად ესაუბრა.“ამ გადაცემაში ხუმროობას არ ვაპირებ. ხანდახან დგება მომენტი, როცა ყველანაირ ჟანრს, ფორმატს, წესს, კონტექსტს და პირობას თავი თავი უნდა გაანებო და თქვა ის, რისი თქმის გარეშეც არ შეგიძლია.“– განაცხადა ოდიშვილმა და ამის შემდეგ თორმეტწუთიანი მონოლოგი წაიკითხა. წამყვანზე როგორც ჩანს გავლენა 20 ივნისის მოვლენებმა მოახდინა. მან საკუთარი და ქვეყნის ცხოვრების ბოლო 30 წლის მოვლენები მოკლედ მიმოიხილა იმ მომენტიდან, როცა სკოლიდან გამოპარული რუსთაველის გამზირზე 13 წლის ასაკში საპროტესტო აქციაზე იდგა.
ვასიკო ოდიშვილმა საკუთარ გადაცემაში ხელისუფლებაც გააკრიტიკა. მართალია მსუბუქად, მაგრამ მკაფიოდ გამოხატული პროსახელისუფლო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეიმედში ასეთი პოზიცია ბოლო წლების მანძილზე არ დაფიქსირებულა. ოდიშვილი თვლის, რომ გახარიამ ბოდიში უნდა მოიხადოს, ნიკა მელია კი ციხეში წავიდეს:
“ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ განგებ არავის დაუმიზნებია თვალში 18 წლის გოგოსთვის ტყვიები, მაგრამ კადრებიც ხომ ვნახეთ. “ბებერმა პარტიულმა მუშაკებმა“ ახალგაზრდების გულწრფელ ემოციებში თავისი შანსი დაინახეს.ჩვენ რომ ნორმალური სახელმწიფო გვქონდეს გახარია ბოდიშს მოიხდიდა, ოღონდ ნამდვილს. ნორმალურ სახელმწიფოში თავის მხრივ ნიკა მელიაც მოიხდიდა ალბათ რამდენიმე წელს.
როდემდე შეიძლება ნაცების დაბრუნება იყოს პასუხი ყველა დაშვებულ შეცდომაზე, შეუსრულებელ დაპირებებზე და ახლა უკვე თვალებდათხრილ ახალგაზრდებზე. ის სისხლიანი ცხრა წელიც გამოგეცალათ ხელიდან და რაღა დაგრჩათ?
პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლების მთავარი საზრუნავი არა ქვეყნის მართვა, არამედ ოპოზიციასთან ჭიდილია.
ოპოზიციის საზრუნავი არა ხელისუფლების ჯანსაღი კრიტიკა, არამედ ნებისმიერი ბინძური თუ არაკანონიერი გზით ძალაუფლების დაბრუნების მცდელობაა, თუნდაც ეს ძალაუფლება უფსკრულში გადაჩეხილი სახელმწიფოს მმართველობა იყოს.
ვისაც გინდათ ააშენეთ ეს ქვეყანა, ოღონდ კარგი იქნება სხვისი აშენებულიც დავინახოთ და ვაღიაროთ. “ – ამბობს ოდიშვილი და მიმოიხილავს ნაციონალური მოძრაობის მმართველობას, რომელმაც მისი თქმით ისიც გვასწავლა, რომ როდესაც ხელისუფლება 18 წლის ბავშვებს ნადირისთვის განკუთვნილ ტყვიებს ესვრის და თითქმის სასიკვდილოთ იმეტებს ჟურნალისტებს მაგ დროს მთავრობას პასუხი მყისიერად უნდა მოთხოვო.
“მთავრობა თუ გვასწავლის ღირებულებების დაცვას, ჩვენ ვასწავლით საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობების აღებას.თორემ ეგეც ისეთივე თავდაჯერებულ და უტიფარ მმართველად იქცევა როგორც წინა.
ნაციონალურ მოძრაობას კი მინდა ვთხოვო, გაქვთ შანსი რომ თქვენ ასწავლოთ ხელისუფლებას საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება უბრალოდ იმით რომ დაიშალოთ, გაანებოთ პოლიტიკას თავი, რათა გამოაცალოთ ქართულ ოცნებას ის ერთადერთი თავის გასამართლებელი არგუმენტი სისხლიანი ცხრა წელი. თუკი მართლა ფიქრობთ რომ ქართული ოცნება ქვეყნისთვის საფრთხეა და მისი მოშორება აუცილებელია,
დაიშალეთ თქვენ და დაიშლება ოცნებაც.
მაგრამ ვიცი ამას არ იზამთ – არც თქვენ დაიშლებით და არც ოცნება მოგცემთ ამის საშუალებას. რეალურად თქვენ ხომ ერთმანეთს ასულდგმულებთ და სასიცოცხლო ენერგიას აძლევთ. ყველანაირი მტრობა თქვენს შორის ხალხის მოტყუებაა. “– თქვა ოდიშვილმა.