“ამ ქალთან მუშაობა შეუძლებელია“– ლაშა ჟვანიამ სალომე ზურაბიშვილის მუდმივ პრეტენზიებს ვერ გაუძლო

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი. ამის შესახებ მან თავად დაწერა ფეისბუქ გვერდზე. ის მოვალეობის შესრულებას 1 მაისიდან შეწყვეტს.
ჟვანიამ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ფეისბუქზე თბილი სიტყვებიც დაწერა:
“ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა საიდან ვემსახურები ჩემს ქვეყანას, მაგრამ სჯობს იქედან, სადაც საკუთარი თავი ჯერ არ ამომიწურავს. მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს – მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო 1 მაისია.
ახლა, პირველი მაისიდან მე ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ვაგრძელებ მუშაობას ჩემს ტკბილ და ბრძენ პატრიარქთან.
მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის ამ მაღალი და დიდი პასუხისმგებლობის მონდობისთვის. როგორც ადრე, არც მომავალში, ჩემი ეკლესიის ტკბილ მეთაურთან მუშაობის დროს, დავიშურებ ჩემს სიყვარულით სავსე, მართალ სიტყვას და თავდადებას ჩემი სახელმწიფოს მეთაურის მიმართ.
დიდი სოლომონ ბრძენის, ღვთისგან თავმდაბლად თხოვნის შედეგად მიღებულ გონიერ გულს გისურვებთ ყოველ გადაწყვეტილებასა და ქმედებაში მრავალგზის ცილწამებულო, მაგრამ ქვეყნისთვის ყველა დაბრკოლებაზე მაღლა მდგომო პრეზიდენტო, რათა გაარჩიოთ კეთილი და ბოროტი, მართალი და ტყუილი და თქვენი სახელმწიფოს მეთაურობით, ოთხი დღის უიმედოდ დატირებული ლაზარესავით აღდგეს საქართველოს დიდება და ჩვენი საზოგადოების თითოულმა წევრმა იგრძნოს სიკეთე პირველი ქალი პრეზიდენტის მეთაურობის, რათა ისრაელის კიდევ ერთი წმიდა დიდი მეფე დავითის დარად ერთსულვნად, თქვენი თაოსნობით გვეთქვას – “უფალი მეფობს”!“ –წერს ლაშა ჟვანია ფეისბუქ გვერდზე, სადაც სალომე ზურაბიშვილის და პატრიარქის ფოტოს აქვეყნებს.
ლაშა ჟვანია თავადაც წერს, რომ სალომე ზურაბიშვილს თანამდებობიდან წასვლის სურვილის შესახებ ჯერ კიდევ მარტში შეატყობინა. სალომე ზურაბიშვილმა მაშინ ჟვანია არ გაუშვა. კულუარული ინფორმაციით ჟვანიამ წასვლა სალომე ზურაბიშვილის მუდმივი პრეტენზიების გამო გადაწყვიტა. ადმინისტრაციის თანამშრომლები ამბობენ, რომ პრეზიდენტს ჟვანიასთან მუდმივად ქონდა შენიშვნები, ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელი.

წყაროები, რომელთაც საკუთარი ვინაობის დასახელება არ სურთ, ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს საკუთარი მეგობარი ქალბატონები, რომლებსაც მასზე დიდი გავლენა აქვთ, ხშირად ეუბნებოდნენ, რომ ბევრი რამის უკეთ გაკეთება შეიძლებოდა, ვიდრე ამას ჟვანია აკეთებდა. მუდმივი პრეტენზიებისგან ლაშა ჟვანია დაიღალა და ბოლოს სალომე ზურაბიშვილს უთხრა, რომ პირველი მაისის შემდეგ თანამდებობაზე უბრალოდ აღარ დარჩებოდა.

როგორც ადმინისტრაციის თანამშრომლები ამბობენ, ლაშა ჟვანია კერძო საუბრებში ამბობდა, რომ “ამ ქალთან მუშაობა შეუძლებელია“.