{{ARTICLEIMAGE}}
“ევროპული საქართველოს” წევრი გიგი წერეთელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში შეხვდა. გიგი წერეთლის განცხადებით, მილანში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს.
“როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, სხვა შეხვედრებთან ერთად, მქონდა შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ეს ეხებოდა კონკრეტულ თემას. რუსეთთან ეუთო ანტიტერორისტული მიმართულებით თანამშრომლობს. რუსეთი ეუთო-ს წევრია, თუმცა მინდა ასევე გითხრათ, რომ ეუთო-ს საერთო საკითხების გარდა, ვისაუბრეთ საქართველოზე, რუსეთის მიერ იმ პრინციპების დარღვევაზე და იმ სირთულეებზე, რომლებიც არის ჩვენს ურთიერთობებში. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას და ადამიანის უფლებებს. შეხვედრა ეხებოდა სხვა საკითხებს, მაგრამ მე საქართველოზეც ვისაუბრე. არ შემიძლია, დეტალებზე ვისაუბრო. ერთი რამ შემიძლია გითხრათ – მას არ უთქვამს, რომ პრობლემები არ არის და ჩვენ არ გვიდავია ამ საკითხებზე. პრობლემები არსებობს, მაგრამ ეუთო-ს ფილოსოფიაა, რომ გვჭირდება დიალოგი ამ პრობლემების მოსაგვარებლად. მე სწორედ ასე დავასრულე შეხვედრა, რომ მთავარია ჰელსინკის პრინციპები და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი”, თქვა გიგი წერეთელმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
შეგახსენებთ, ფარული კენჭისყრის შედეგად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გიგი წერეთელი ერთი წლის ვადით პრეზიდენტად 2018 წლის ივლისში აირჩია.
ცნობისათვის, საქართველოს და რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვთ და მათი ურთიერთობები შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით ხორციელდება.
მოსკოვში 2012 წლის 25 ოქტომბერს თავის შეიცარიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ჰკითხეს, კიდევ რამდენი ხანი იქნებოდა საჭირო შვეიცარიის შუამავლობა მოსკოვსა და თბილისს შორის. ლავროვმა უპასუხა, რომ ამ კითხვის ადრესატი ის არ არის.
“ჩვენ არ გაგვიწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან. სააკაშვილმა გააკეთა ეს”, თქვა ლავროვმა.
ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ აბაშიძე-კარასინის ფორმატი შეიქმნა. ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატი 2012 წლის ბოლოდან ამოქმედდა. საქრთველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს ბოლოს პრაღაში 24 მაისს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორივე მხარის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებებში წერია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა 2018 წლის პირველ კვარტალში, ორ ქვეყანას შორის, სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებში “პოზიტიური” დინამიკის შესახებ ისაუბრეს.