სოლიდარობის აქციამ ვაკის პოლიციასთან გადაინაცვლა, სადაც 4 დაკავებული იმყოფება

აქციის მონაწილეები  პოლიციის სამმართველოსთან იმყოფებიან. პოლიციის შენობაში ცოტა ხნის წინ ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებული აქციის 4 მონაწილე იმყოფება. ისინი უკვე მოინახულა სახალხო დამცველის მოადგილემ. აქციის მონაწილეები სოლიდარობას გამოხატავენ, დაკავებული აქტივისტების მიმართ და მათ დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

სოლიდარობის აქციის მონაწილეები კალაძის სახლთანაც იყვნენ შეკრებილები და ქალაქის მერთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

თბილისის მერიამ  განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე მზად არის, უახლოეს დღეებში შეხვდეს აქციის მონაწილეების მიერ შედგენილ რამდენიმეკაციან ჯგუფს, კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს წინადადებები და გააცნოს ის ღონისძიებები, რომელსაც თბილისის მერია შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ახორციელებს. 

აქციის მონაწილეებმა კალაძის წინადადებაზე უარი განაცხადეს და მოთხოვნების დაუყონებლივ შესრულება მოითხოვეს.

დღევანდელი საპროტესტო აქცია, ორგანიზატორების თქმით, ნელ-ნელა დაიშლება, თუმცა პროტესტი გაგრძელდება და უახლოეს დღეებში დაიგეგმება.