ამერიკელებს ავუხსენი, რომ პრობლემები ყველა ქვეყანაშია -ირაკლი ღარიბაშვილი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ძალიან ბუნებრივი პროცესები მიმდინარეობს  და აცხადებს, რომ ამაში ამერიკელებიც დაარწმუნა.

“გუშინ გულწრფელად ავუხსენი ამერიკელებს ეს ვითარება, ხანდახან პროცესები არ ჩანს და არ აღიქმება სწორად, მათ შორის, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლების მხრიდან, მე მათ სრული ინფორმაცია გადავეცი. აბსოლუტურად გასაგებია. პრობლემები ყველგან არის. იდეალური სისტემა არცერთ ქვეყანაში არ არსებობს”, -ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკელი ექსპერტების მხრიდან კრიტიკაზე დასმულ კითხვაზე.

გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა ამერიკის ხმას განუცხადა, რომ საქართველო რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკვე იყოს ნატო წევრი.  გენერლის თქმით, პრობლემაა ის, რომ ბოლო პერიოდში მთავრობის მხრიდან ენთუზიაზმის კლება იგრძნობა.

“საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი. მაგრამ სექტემბერში თბილისში ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ, განვიცდი იმას, რომ მთავრობისგან იგივე ენთუზიაზმი ვერ ვიგრძენი, როგორც მანამდე ვგრძნობდი. ჯარი ისეთივე პროფესიონალური და როგორც ყოველთვის, მაგრამ მართალი გითხრათ, მთავრობის წარმომადგენლებისგან დასავლური ინტეგრაციის მიმართ ენთუზიაზმი განელებულია”, – განაცხადა  ჰოჯესმა.