ამერიკელი დიპლომატი საქართველოში სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა რომელსაც ეს თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ეკავა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლა ევროპიდან ადევნებს თვალს. გაეცნო ლიეჟში განვითარებულ მოვლენებსაც, თუმცა მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და საქართველოში სააკაშვილის შესაძლო ჩასვლის კონტექსტში ისაუბრა:

“როგორც თავად ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც აღნიშნა, ის საბოლოოდ საქართველოში აპირებს დაბრუნებას, თუმცა აცნობიერებს, რომ ახლა შესაფერისი დრო არ არის”.

მმართველი პარტიის ბიზნესმენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ოპოზიციის კრიტიკაზე კი ამბობს, რომ ივანიშვილის “რუს მეგობრებს შესაძლოა, აქვთ გარკვეული გეგმები, თუმცა გადამწყვეტი ქართველი ხალხის არჩევანია”.

“ვფიქრობ, ბატონი ივანიშვილის მეგობრები და კოლეგები რუსეთში იმედოვნებენ, რომ ქართველ ლიდერს (ივანიშვილი) შეუძლია, გამოიყენოს თავისი ფინანსური და პოლიტიკური რესურსი, მოახდინოს გავლენა და შეანელოს საქართველოს ინტეგრაცია ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში. მაგრამ საქართველოს მოქალაქეეები უფროდაუფრო ახლო ურთიერთობას ამყარებენ ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. გეოგრაფიული და კულტურული თვალსაზრისით საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის NATO-ს და ევროკავშირის წევრი, თუმცა – ჯერჯერობით”,ამბობს ამერიკელი დიპლომატი.