დემოკრატმა სენატორებმა, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა ბობ მენენდესმა, სენატის უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა, სენატის შეიარაღებული სამსახურების კომიტეტის წევრმა ჯეკ რიდმა და სენატის სადაზვერვო კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარემ მარკ უორნერმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილი მისწერეს, სადაც ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის დიდ შვიდეულში დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან.
მათ მიაჩნიათ, რომ ვლადიმერ პუტინის რუსეთის დიდ შვიდეულში დაბრუნება ამერიკის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, ასევე თვლიან, რომ პუტინი სამართლიანად გააძევეს დიდი რვიანიდან ყირიმის ანექსიის საპასუხოდ. წერილში, ნათქვამია, რომ რუსეთს არ აქვს შესაფერისი დემოკრატიული ინსტიტუტები და ეკონომიკური შესაძლებლობა, რომ ჯგუფის წევრი იყოს.
აღსანიშნავია, რომ სენატორები ხაზს უსვამენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას რუსეთის მიერ, აშშ-ის 2016 და 2018 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობებს და ამერიკულ და ევროპულ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე უარყოფით გავლენებს, მათ შორის 2018 წელს დიდ ბრიტანეთში ყოფილ რუს ჯაშუშზე ქიმიური იარაღით თავდასხმის ფაქტს, უმცირესობების და პოლიტიკური ოპონენტების დევნას და მსოფლიოს გარშემო ავტორიტარული რეჟიმების მხარდაჭერას.
სენატორების, განცხადებით რუსეთი ჯგუფში მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს დაბრუნებას, თუ მათი მხრიდან გამოჩნდება დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პატივისცემა.
გასულ კვირას საფრანგეთში დიდი შვიდეულის სამიტზე დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ჯგუფში რუსეთის დაბრუნების იდეა.