საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (Amcham) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაიკლ ქოუგილი თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ Amcham-ი მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, როგორც წესი, კომენტარისგან თავის შეკავებას ამჯობინებს, აღნიშნულ შემთხვევაში საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ორგანიზაცია თავს ვალდებულად თვლის, საზოგადოებას საკუთარი პოზიცია გააცნოს.
მაიკლ ქოუგილის განცხადებით, მათ რჩებათ შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენების მოთხოვნა შესაბამისი იურიდიული პროცედურების გვერდის ავლით მოახდინა.
ამასთანავე, მაიკლ ქოუგილი აცხადებს, რომ არსებული პროცესი საქართველოს საინვესტიციო იმიჯს მნიშვნელოვან ნეგატიურ დარტყმას აყენებს.