ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მუშაობა განაახლა

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მუშაობა განაახლა. დონალდ ტრამპსა და კონგრესს შორის დროებითი შეთანხმება შედგა და ე.წ შათდაუნი 15 თებერვლამდე შეჩერდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი კანონპროექტს, რომელიც 15 თებერვლამდე ფედერალური მთავრობის მუშაობის განახლებისთვის საბიუჯეტო თანხების გამოყოფას ითვლისწინებს. ამ გადაწყვეტილებით ყველა ფედერალური უწყების მუშაობა დღეიდან განახლდება, სახელმწიფო მოხელეები კი ხელფასებს მიიღებენ. ტრამპი აცხადებს, რომ 15 თებერვლის შემდეგ ის კვლავ მოითხოვს მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ მთავრობის მუშაობის შეჩერებით, ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით იმუქრება.


“ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, კედელი უნდა აშენდეს. თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ კონგრესთან სამართლიან გარიგებას, 15 თებერვალს მე გამოვიყენებ ჩემს უფლებამოსილებას და ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციას და გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას”.

შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს აშშ-ის სენატში ჩავარდა დონალდ ტრამპის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებისთვის საჭირო ფინანსებს ეხებოდა. დონალდ ტრამპი კონგრესისგან ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად დაფინანსებას ითხოვს, დემოკრატები კი პრეზიდენტის ამ მოთხოვნას ეწინააღმდეგებიან. სწორედ ამიტომ 2018 წლის 22 დეკემბრიდან აშშ-ის მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ შეჩერებული იყო.