ამომრჩევლის დაშინება, საჯარო მოხელეებზე ზეწოლის ან ხმების ყიდვის ფაქტები – ეუთო-ს ანგარიში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე

საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ს საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც ორგანიზაცია რეკომენდაციებს აფიქსირებს.

კერძოდ, ანგარიშის იმ ნაწილში, რომელშიც რეკომენდაციებია ჩამოთვლილი, ნათქვამია, რომ “საარჩევნო კანონმდებლობის ყოვლისმომცველი გადახედვა უნდა მოხდეს, რათა აღმოფხვრილი იყოს ხარვეზები, ორაზროვნება და ნებისმიერი საარჩევნო რეფორმა უნდა ჩატარდეს ინკლუზიურად”.

“ყურადღება უნდა გამახვილდეს თითოეულ დონეზე კომისიის წევრების რაოდენობის გათანაბრებაზე. თუ პარტიები ინარჩუნებენ კომისიის წევრების დანიშვნის უფლებას, დანიშვნის ფორმულა შესაძლოა გადახედული იყოს, რათა უზრუნველყოფილი იქნას უფრო დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობა და ხელი შეეწყოს მიუკერძოებლობის აღქმას. ყურადღება უნდა გამახვილდეს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული საჩივრების ეფექტური და დროული განხილვის მექანიზმის შექმნაზე. თავიდან უნდა იქნეს აცილებული სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის შესაძლო გავრცელება. უზრუნველყოფილი უნდა იყოს კამპანიის დაფინანსების ეფექტური ზედამხედველობა და გამჭვირვალობა”, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის ავტორები ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ იმ მოქალაქეებს, ვინც არჩევნების დღეს ქვეყანაში არ იმყოფებიან, ხმის მიცემის საშუალება უნდა მიეცეთ.

“ყურადღება უნდა გამახვილდეს მექანიზმის შემოღებაზე, რომელიც საშუალებას მისცემს პირებს, რომლებიც არჩევნების დღეს თავიანთ საარჩევნო მისამართზე არ იმყოფებიან, ხმა მისცენ, განსაკუთრებით თუ ასეთი პირები ქვეყანაში არ იმყოფებიან”, – აღნიშნულია რეკომენდაციებში.

ასევე, საუბარია იმაზე, რომ უნდა შეიქმნას ეფექტური მექანიზმი მხარდამჭერების ხელმოწერების ავთენტურობის დადგენის კუთხით.

“ამომრჩევლის დაშინების, საჯარო მოხელეებზე ზეწოლის ან ხმების ყიდვის ფაქტებზე შესაბამისმა უწყებებმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ რეაგირება. სატელევიზიო ეთერის განაწილების, დებატებში მონაწილეობისა და რეკლამისთვის თანხების გამოყოფის არსებული სისტემა უნდა გადაიხედოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი შესაძლებლობები. არჩევნებში მონაწილეებისთვის თავისუფალი სატელევიზიო ეთერის განაწილება არ უნდა ხდებოდეს მედიის შეხედულებისამებრ”, – აღნიშნავენ ეუთო-ში.

დასკვნაში ასევე საუბარია მთავრობის წინასაარჩევნო ინიციატივაზე, რომელიც ვალების განულებას ეხებოდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ ინიციატივით, კერძო საფინანსო ინსტიტუტმა არასამართლიანი უპირატესობა მიანიჭა “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის გაიზარდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

წყარო – ინტერპრესნიუსი