“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება დადებულ პირობას არ შეასრულებს, მასზე წნეხი გამძაფრდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
“დიალოგი შეწყვიტა ივანიშვილმა, როცა თქვა, რომ გადაგაგდეთ და ფეხებზე მკიდიხართო და მერე, საერთაშორისო ზეწოლით, მოუწიათ დაჯდომა მოლაპარაკების მაგიდასთან და იქაც მაგრად წვალობენ. ან შეასრულებენ იმ პირობას, რაც დაღვრილი სისხლის მერე დადო ხალხის წინაშე ივანიშვილმა და რაზეც გადააგდო, ან გამძაფრდება და წნეხი მათზე იქნება ქუჩაში, ჩვენი ქვეყნის შიგნით, პირველ რიგში, იმიტომ, რომ მანდ წყდება საკითხი, მაგრამ იქნება საერთაშორისო ასპარეზზეც,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრა დღეს სასტუმრო შერატონში 18 საათზე იწყება. ოპოზიცია კვლავ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელს ითხოვს, რომელზეც ხელისუფლება აცხადებს რომ არაკონსტიტუციურია. პირველი შეხვედრა 30 ნოემბერს სასტუმრო ბილტმორში უშედეგოდ დასრულდა. მეორე შეხვედრაზე მცირედით შეიცვალა დამსწრეთა შემადგენლობა. შეხვედრას აღარ დაესწრება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. ოპოზიციის მხრიდან კი ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე ჩაერთო.
შეხვედრები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საერთაშორისო საზოგადოების და დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით და მონაწილეობით იმართება.