იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დაწყებამდე საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ სხდომაზე ჩუსტები მიიტანა.
ამის მიზეზად დოლიძემ სხდომის ხანგრძლივობა დაასახელა. მისი განცხადებით, იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გვიანობამდე მიმდინარეობს და ამით ირღვევა შრომითი უფლებები.
„ჩემი კეთილი ნების გამოხატვით, მინდა, გადავცე ეს საშუალება იმისთვის, რომ იუსტიციის საბჭოში თავი იგრძნონ, როგორც სახლში. სავარაუდოდ, მათ შაბათ-კვირასაც დასჭირდებათ გასაუბრება. მგონი, ის პირობა მაინც უნდა შევუქმნათ, ადამიანი ღამე რომ არის იუსტიციის საბჭოში, კომფორტულად მოვიდეს აქ და რამდენიმე საათი გესაუბროთ. ზოგადად, უნივერსალური ვიყიდე, ქალებისთვისაც არის და კაცებისთვისაც“, – განაცხადა დოლიძემ.
დოლიძის განცხადებას საბჭოს წევრი ვასილ მშვენიერაძე გამოეხმაურა.
„უკაცრავად, მაგრამ ზომები იციდით?! მე,მაგალითად 44 ზომას ვიცვამ“, – მიმართა მშვენიერაძემ.
ამ წუთებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან ,ლევან თევზაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს. ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა.