ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს მოქალაქე ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა.

კერძოდ, საქართველოს გენერალურ პროკურატურის ინფორმაციით, შალვა შევარდნაძეს ბრალი 118,1 მუხლით აქვს წაყენებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში 8-9 ნოემბერს გაიმართა. ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მისი თანამოაზრეები და „ქართული მარშის“ წევრები ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდნენ და პრემიერის ჩაშლას გეგმავდნენ, რასაც დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა. 8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. ფილმის ჩვენება დღესაც არის დაგეგმილი.