“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” განცხადებას ავრცელებს

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” განცხადებას ავცელებს.

“დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოა საინვესტიციო ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთავრობას არა აქვს უფლება, შეწყვიტოს ხელშეკრულება და წერტილი დაუსვას პროექტში კონსორციუმის მონაწილეობას. დასანანია, რომ კონსორციუმის მიერ პროექტზე აქამდე დახარჯული დროის, რესურსების და თანხების მოცულობის მიუხედავად, მთავრობამ ამჯობინა, რომ ყოველ ჯერზე დაეკნინებინა კონსორციუმის ძალისხმევა, ნაცვლად მხარდაჭერისა და პროექტში ჩართული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ტერმინალის ოპერატორისა და პოტენციური ინვესტორების მიერ დასმული საკითხების გადაჭრისა. მთავრობის ქცევის მოდელი, შეწყვეტის თაობაზე დღევანდელი გადაწყვეტილების ჩათვლით, მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ გაურკვეველი დროით გადაიდება ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულება და ოპერირების ეტაპი – თუ რა თქმა უნდა სახელმწიფო არ შეცვლის აღებულ კურსს კონსტრუქციული მიმართულებით.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა არაერთგზის სცადა, რომ თავიდან აეცილებინა დავის სცენარი, რათა არ გამოწვეულიყო პროექტის შემდგომი დაგვიანება. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება კი ნიშნავს, რომ კონსორციუმს არ დარჩა სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ დაიცვას კომპანიისა და მისი აქციონერების ინტერესები – ყველა ხელმისაწვდომი იურიდიული ბერკეტის გამოყენებით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვეცდებით მშვიდობიანი გზით მოაგვაროთ დავა სახელმწიფოსთან, თუმცა წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში, არ დარჩება სხვა გზა, გარდა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის წამოწყებისა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ” – აღნიშნულია განცხადებაში.