,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დირექტორის, ლევან ახვლედიანის თქმით, კონსორციუმი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის საკითხზე მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს. მისი განცხადებით, მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ.

“მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად აღარ გვრჩება სხვა გამოსავალი, თუ არა მივმართოთ საარბირტაჟო სასამართლოს. არის იურიდიული პროცესები, რომელიც გასავლელია და დავძრავთ. პროცესების დასრულებისთანავე იქნება მიმართული საარბიტრაჟო სასამართლოში”- ამბობს ახვლედიანი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
,,ამ პროექტისთვის არ იყო ყველაფერი გაკეთებული, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო. ეს რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთავრობის მოტივაციას ამ პროექტთან მიმართებაში, აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ამ პროექტის ბედს, რომელზეც პასუხი გაუცემელია. ისევ და ისევ ზიანდება ეს პროექტი, ზიანდება ჩვენი ქვეყნის ინტერესი”,- ამის შესახებ ლევან ახვლედიანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

რაც შეეხება მაია ცქიტიშვილის მოთხოვნას, კონსორციუმმა გადაიხადოს პირგასამტეხლო და დააბრუნოს მიწები, კონსორციუმის დირექტორი ამბობს, რომ დასაბრუნებელი მიწები არ აქვთ, ხოლო რას გულისხმობს პირგასამტეხლოში ვიცე-პრემიერი, არ იცის.

“მიწებთან დაკავშირებით გაფორმებულია აღნაგობა, დასაბრუნებელი არაფერი არ არის იმიტომ, რომ სახელმწიფოს ბალანსზეა ის 340 ჰექტარი. ჩვენ ეს მიწები გადმოგვეცა აღნაგობით. თუ ხელშეკრულება შეწყდება, ავტომატურად აღნაგობის ხელშეკრულებებიც წყდება და ბრუნდება ბალანსზე.
პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით მიჭირს საუბარი, რას გულისხმობს ვიცე-პრემიერი. არ მიმიღია კონკრეტული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ხელშეკრულებით იმდენი ჯარიმებია გათვალისწინებული, რომ მთელი ნუსხა არის 3-გვერდიანი, ამიტომ, რომელ ჯარიმებზეა საუბარი ზუსტად ვერ გეტყვით”,- განაცხადა ახვლედიანმა.

მთავრობამ ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ხელშეკრულება დღეს შეუწყვიტა. ოცნების დეპუტატის, რომან კაკულიას თქმით, ეს რუსული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მოხდა.