ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა- რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ანაკლიის კონსორციმმა მთავრობასთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა.

სამინისტროს ცნობით, ანაკლიის კონსორციუმს საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფისა და პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი დოლარის ხელშეკრულებები 2019 წლის ბოლომდე უნდა წარმოედგინა.

,,საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს 2019 წლის ბოლომდე უნდა წარმოედგინა გაფორმებული ხელშეკრულებები – საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფისა და პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე, ასევე უნდა წარმოედგინა ხელმოწერილი ხელშეკრულებები პორტის ოპერატორთან და მშენებელ კომპანიებთან.

სამწუხაროდ, მრავალგზის გადავადების მიუხედვად, ეს ვადაც უშედეგოდ ამოიწურა და კონსორციუმმა ვერ შეასრულა ინტერესთა გამოხატვის შედეგად მთავრობასთან საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები”,- ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მთავრობა უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების საკითხზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის შემდგომი გაგრძელების გზების თაობაზე.