საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” დარიცხული პირგასამტეხლო უნდა გადაიხადოს, დააბრუნოს სახელმწიფოსგან გადაცემული მიწები და ღრმაწლოვანი პორტის საპროექტო დოკუმენტაცია.
მინისტრის თქმით, კონსორციუმს 10 მილიონის პირგასამტეხლო სახელმწიფომ უკვე აპატია, თუმცა მათ კიდევ აქვთ დარიცხული გარკვეული რაოდენობის თანხა.
“პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით უკვე იქნა ნაპატიები 10 მილიონ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო, რა თანხაც უკვე გაწეული შეღავათია სახელმწიფოს მხრიდან. დღეის მდგომარეობით კონსორციუმს აქვს კიდევ დარიცხული გარკვეული პირგასამტეხლო და შესაბამისად, ამ პირგასამტეხლოს ანაზრაურების საკითხი, ისევე, როგორც შემდგომი იურიდიული პროცედურები, ბუნებრივია, იქნება დაწყებული. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს იმასაც, რომ კონსორციუმმა უნდა მოახდინოს სახელმწიფოს მხრიდან გადაცემული მიწების დაბრუნება, ბუნებრივია, უნდა მოხდეს საპროექტო დოკუმენტაციის დაბრუნება სახელმწიფოსთვის. მთელი ეს პროცედურები გაწერილია ხელშეკრულებაში და ზედმიწევნით მივყვებით ხელშეკრულების მოთხოვნებს”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მთავრობამ ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება დღეს შეწყვიტა.