“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, მაიკლ ქაუგილი შეასრულებს. ამის შესახებ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” განცხადებაშია აღნიშნული.
“სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად წარდგენილია სამი კანდიდატი: რ. მაიკლ ქაუგილი – საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, თედ ჯონასი – საერთაშორისო იურიდიული ფირმის, „Dentons“-ის უფროსი მრჩეველი და ჟან-პატრიკ ვუაზა – „Concorde Capital“-ის პრეზიდენტი . კანდიდატების დანიშვნა თვის ბოლოსთვის დაგეგმილ პარტნიორთა კრებაზე მოხდება.
კანდიდატთა დანიშვნასთან დაკავშირებული შესაბამისი კორპორაციული ფორმალობების გავლის შემდეგ, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მაიკლ ქაუგილი შეუდგება, ხოლო თედ ჯონასი და ჟან-პატრიკ ვუაზა საბჭოს რიგითი წევრები იქნებიან. პოსტებს ასევე შეინარჩუნებენ სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრები: ბობ მეიერი და დიმიტრი აბდუშელიშვილი”-აღნიშნულია “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” განცხადებაში.
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის პოსტებიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღეს. ხაზარაძის თქმით, ისინი მზად არიან მათ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებების გაქარწყლებამდე საკუთარი აქციებიც კი გადასცენ საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს.