“ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებებს გადავუვადებთ”-მამუკა ბახტაძე


ანაკლიის კონსორციუმს მთავრობა ვალდებულებებს გადაუვადებს  – ეს განცხადება  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ანაკლიის პორტის შესახებ გააკეთა.

ბახტაძის  თქმით, გაგრძელდება დიალოგი და კომუნიკაცია, რათა კონსორციუმმა შეძლოს მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პროექტს მთავრობისგან სრული მხარდაჭერა აქვს და თუ ყველა შეასრულებს თავის ვალდებულებას, ეს პროექტი აუცილებლად შედგება.

„ანაკლიის პორტს აქვს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. მე, ბუნებრივია, მქონდა შესაბამისი შეხვედრები. ქალაქ სიეტლში შევხვდი კომპანია “SSA Marine”-ს ხელმძღვანელობას, რომელიც არის კონსორციუმის მონაწილე და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დაინტერესებული იმაში, რომ ამ პროფილის მქონე ყველაზე ძლიერი ამერიკული კომპანიები იყვნენ წარმოდგენილი ამ პროექტში. ამ პროექტს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. თითოეული ჩვენგანი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ამ პროექტის რეალიზაცია არის თითოეული ნაბიჯით განსაზღვრული, რომელსაც მოაქვს კონკრეტული შედეგი. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, როგორც მთავრობამ, და ვასრულებთ ამ ვალდებულებებს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ კონსორციუმს, რომ მათ შეასრულონ ვაკლდებულებები, რათა, საბოლოო ჯამში, მოხდეს ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაცია. ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ საკითხს და ამავე დროს კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ თითოეული ჩვენგანი და, რა თქმა უნდა კონსორციუმის მონაწილე წევრები უნდა იყვნენ ორიენტირებული კონკრეტულ შედეგზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვდა.

შეხვედრისას პომპეო ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხსაც შეეხო და მან ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია მკვეთრად დააფიქსირა. პომპეომ დააფიქსირა რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა გეოპოლიტიკური საკითხია და წარმატებით განხორციელების შემთხვევაში რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური გავლენისგან დაიცავს ქვეყანას.

„ამერიკის შეერთებული შტატები იმედს იტოვებს, რომ საქართველო პორტის პროექტს დაასრულებს. პორტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან, რაც მას თავიდან ააცილებს გახდეს ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკური ინტერესების მსხვერპლი. ამ მოჩვენებით მეგობრებს გულში საქართველოს საუკეთესო ინტერესები არ აქვთ”-განაცხადა პომპეომ.