ეკონომიკის სამინისტრომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გასცა. დოკუმენტი 2019 წლის 2 მაისით თარიღდება. დოკუმენტი გუშინ საღამოს გასაჯაროვდა, რასაც ანაკლიის უცხოელი ინვესტორების მხრიდან სრული პანიკა მოჰყვა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გაავრცელა განცხადება, რომ თუ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას არ გააუქმებდა, ისინი ანაკლიის პროექტს შეაჩერებდნენ, მამუკა ხაზარაძემ კი პირდაპირ დაწერა, რომ პორტის მშენებლობა საფრთხეში იყო.
საინფორმაციო შეტევის შემდეგ, დილა ეკონომიკის მინისტრმა უკან დახევით დაიწყო. ნათია თურნავამ პრაქტიკულად თქვა, რომ მისმა დაქვემდებარებულმა უწყებამ ქვეყანაში ახალი გიგანტური პორტის მშენებლობის ნებართვა ისე გასცა, რომ პროექტის შესახებ, რომელსაც ასეულობით მილიონი დოლარი სჭირდება, მინისტრმა არაფერი იცოდა. ყველაფერი საბოლოოდ, ეკონომიკის სამინისტროს მშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს დაბრალდა. გრიგოლ კაკაურიძემ კამერის წინ, წინასწარ შეთანხმებული განცხადება გააკეთა და არც ერთ კითხვას არ უპასუხა. მათ შორის არ თქვა, იცოდა თუ რა რომ ახალი პორტის უკან ოთარ ფარცხალაძე დგას.
ოთარ ფარცხალაძის გვარი დიდ სკანდალში დღის ბოლოს გამოჩნდა, მას შემდეგ რაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, მარიკა დათუკიშვილმა გაასაჯაროვა ფაქტები, რომ ფოთის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მფლობელი და ოთარ ფარცხალაძე ბიზნეს პარტნიორები არიან. დღევანდელი სკანდალის გამო ხელისუფლებას ერთიანი პოზიცია არ ჰქონდა, ეკონომიკის მინისტრი ამბობდა, რომ ანაკლია უალტერნატივოა და მთავრობა ხაზარაძის ბიზნეს ჯგუფს ხელს შეუწყობს პორტის მშენებლობა მალე დაასრულოს. მთავრობა, პოლიტიკურმა ოპონენტებმა დღეს მწვავედ გააკრიტიკეს და არაპროფესიონალიზმსა და ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულეს.
მთავრობის წარმომადგენლებმა დღეს ანაკლიის პორტის ინვესტორებს მკაცრი ტონით საჯაროდ მიმართეს და აღებული ვალდებულებების დროულად შესრულება მოსთხოვეს. მეორე მხრივ კი, თავად ინვესტორები მიმართავენ ხელისუფლებას ყველაფერი გააკეთოს საიმისოდ, რომ ეკონომიკის სამინისტროში მომხდარის გამო საერთაშორისო საფინანსო პარტნიორების თვალში შელახული რეპუტაცია და ნდობა აღიდგინონ, რათა ანაკლიის პროექტი არ შეფერხდეს.
ფოთის პორტისა და ანაკლიის პორტის პროექტების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. ხუხაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სისხლის სამართლის დანაშაულს, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტს, ანაკლიის პორტს, რომლის განხორციელებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. „კონსტიტუციით გამაგრებული პროექტის საბოტირება ნებისმიერი ფორმით, ეს ჩემი აზრით, არის სისხლის სამართლის დანაშაული, შესაბამისად, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზარალის მიყენების მცდელობის მუხლით და უნდა დაიწყოს გამოძიება. ვინ იყო შემსრულებელი, ვინ იყო დამკვეთი, ვინ მონაწილეობდა ამ ყველაფერში, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ კონსტიტუცია ყველა კანონზე მაღლა დგას საქართველოს კონსტიტუცია და ეს პროექტი ასახულია მის დებულებებში,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.