ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნა საქართველოზე რუსეთის დროშის გადაფარება იქნება – ლევან ბოძაშვილი

პირველ რიგში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართ, – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე ლევან ბოძაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის ოფიციალურად გაცნობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნა და რუსეთისთვის მისი დათმობა, „რუსეთის დროშის გადაფარება იქნება საქართველოზე“.

„რაღაც მოვლენები უნდა დავაკავშიროთ ერთანეთთან, რომ ლოგიკურ ჯაჭვამდე მივიდეთ. პირველ რიგში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართ და ამ პროექტის მიმართ ზოგადად. დღეს უკვე ცალსახაა, რომ თუ გავრილოვი იყო სიმბოლურობის გარდა, პროპაგანდისტული ელემენტი, რუსული გავლენების გაძლიერებისა საქართველოში, ანაკლიის პორტის დათმობა რუსეთისთვის, ამ პროექტის ჩავარდნა, არის უკვე ფიზიკური არეალი და რუსეთის დროშის გადაფარება საქარველოზე უკვე ფიზიკური თვალსაზრისით, რადგან ეს არის გეოსტრატეგიული ტიპის პროექტი, რომელსაც აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური განზომილება“, – განაცხადა ბოძაშვილმა.