ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ახალი ტენდერი მალე გამოცხადდება- ნათია თურნავა

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი ტენდერი მალე შეცვლილი პირობებით გამოცხადდება.

,, ის იქნება ისეთივე გამჭვირვალე, როგორც ჩვენი ყველა ნაბიჯი ამ პროექტთან მიმართებაში. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ ძალიან მალე დავიწყებთ ახალი ტენდერის პროცედურებს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩვენი ჩართულობით გადახედავს პირობებს, რადგან პირობებმა 2017 წლის შემდეგ საკმაოდ დიდი მოდიფიკაცია განიცადა ინვესტორის სასარგებლოდ. ვფიქრობთ, ეს ტენდერი წარმატებული იქნება”, – ამბობს მინისტრი.

თურნავა კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტას კიდევ ერთხელ განმარტავს და ამბობს, კონსორციუმს 7-ჯერ გაუგრძელდა ვალდებულებების შესრულების ვადა და რადგან მათ ვერ მოახერხეს პორტის მშენებლობა, ხელშეკრულების გაწყვეტა ლოგიკური გადაწყვეტილება იყო.

„როგორც იცით, ჩვენ მთავრობის გადაწყვეტილებით შევწყვიტეთ ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან; ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც წლების განმავლობაში ჯამში 7-ჯერ გაუგრძელდა კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა და ამის მიუხედავად მაინც ვერ მოახერხეს, რომ დროულად დაეწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა და შეეკრათ დაფინანსება. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკური იყო, რადგან ანაკლიის პორტის პროექტი ჩვენი პრიორიტეტია და ვერ დავუშვებთ კიდევ უფრო მეტ დაგვიანებას”,- განაცხადა ნათია თურნავამ და იმედი გამოთქვა, რომ ახალი მშენებელი კომპანია მალე გამოჩნდება.