ანაკლიის პროექტის საფრთხეებზე მითითება ივანიშვილის პრორუსულობას არ ნიშნავს- რომან კაკულია

რომან კაკულია თავის გუშინდელ განცხადებას განმარტავს და ამბობს , რომ თუ ბიძინა ივანიშვილმა ხაზარაძეს ანაკლიის პროექტის უსაფრთხოებაზე მიუთითა, ეს არ ნიშნავს, რომ ივანიშვილი პრორუსია.

,,ეს დიალოგი იმ შინაარსით, თუ ეს შედგა ისე, როგორ არსებობს, ეს არ არის პრორუსულობის ინდიკატორი. ის თვითონ ასახელებს დიალოგს მასსა და ივანიშვილს შორის და მე ამ დიალოგის ინტერპრეტაცია გავაკეთე, რომ ამ დიალოგზე აგება იმის, რასაც ცდილობს, რომ მთელი ხელისუფლება არის პრორუსული, არის აბსოლუტურად მცდარი მოსაზრება”,- ამბობს კაკულია.

მისი თქმით, ხაზარაძისთვის უსაფრთხოების საკითხებზე მითითება არც იმას ნიშნავს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გამოგონილია.
“მე რისი თქმაც მინდოდა გახლავთ ის, რომ ბატონ მამუკას არგუმენტად ის არ გამოადგება, რაზეც საუბრობს, რომ მას ვინმემ მიანიშნა თავის დროზე, რომ შეიძლება პროექტს ჰქონდეს გარკვეული ტიპის საფრთხეები. ამის უფლება საქართველოში აქვს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ფიქრობს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ამის თქმა იმას არ ნიშნავს, რომ გამოგონილია ის შეუსრულებელი ვალდებულებები, რომელიც მას აქვს და არ არსებობდა ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ არის აღძრული”,- აცხადებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ რომან კაკულიამ გუშინ განაცხადა, რომ მთავრობამ კონსორციუმთან ხელშეკრულება რუსული საფრთხეების აცილების გამო შეწყვიტა. ამ განცხადებას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა.