ვთვლი, რომ ანაკლიის პროექტს ზედმეტად დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ, ის პოლიტიკურად გამოიყენება, – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ბოლო დროს ამ პროექტთან დაკავშირებით იმდენ კითხვას სვამენ, რომ ცოტა არაკომფორტულადაც კი ვგრძნობ თავს. ვთვლი, რომ ამ პროექტს ზედმეტად დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ, ის პოლიტიკურად გამოიყენება და ა.შ. დოკუმენტალურად ვერ მოვიპოვე ამ პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობის აღწერა. რომ ჩამეკითხოთ, ზეპირსიტყვიერადაც ვერ აგიხსნით, ეს რას ნიშნავს და ვერავინ ვერ ამიხსნა გარდა იმისა, რაც სულ მესმოდა, რომ ეს პროექტი არის სტრატეგიული, დიდი და მნიშვნელოვანი. ამ სიტყვების უკან რა დგას, ჩემთვის გაურკვეველია და ძალიან ვცდილობდი, ეს გამეგო. ვფიქრობდი, ამდენი ლაპარაკია, პროექტი კონსტიტუციაში ჩაწერეს და ალბათ, მე ვცდები-მეთქი. ამიტომ, მარტო ეკონომიკას კი არა, პოლიტიკურ სტრატეგიულობასაც კი შევხედე, მაგრამ ეს ვერ ვიპოვე,“ – განაცხადა ქობულიამ.