„ანას ბაღს” არანაირი პრობლემა არ ექმნება, ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით , ,,ანას ბაღს” არანაირი პრობლემა არ აქვს და ეს თითიდან გამოწოვილი თემაა.

,,მე ეს თემა შესწავლილი მაქვს თავიდან ბოლომდე და აბსოლუტურად ვიცი ყველა დეტალი. არანაირი პრობლემა „ანას ბაღს” არ ექმნება და ჩემი მერობის პირობებში არც ერთ სკვერს, არც ერთ ბაღს არ შეექმნება პრობლემა. ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა, იქ კონკრეტულ ადამიანებს არ ვიცი რა სურვილი აქვთ. ჩვენ დავიწყეთ ამ თემის შესწავლა, ნებართვა გაცემული იყო დავით ნარმანიას დროს. როდესაც შემოვიდა საჩივარი, გავაჩერეთ ნებართვა, დავიწყეთ საკითხის საფუძვლიანად შესწავლა და გაირკვა, რომ ნებართვა კანონიერად იყო გაცემული, გაირკვა ის, რომ თვითონ მწვანე სივრცეს, „ანას ბაღს” არანაირი საფრთხე და პრობლემა არ ემუქრება”- აცხადებს კალაძე.

მისივე თქმით, მერია ,,ანას ბაღის” რეაბილიტაციას ჩაატარებს და მას დამატებითი ფართობიც დაემატება.

,,დამატებითი მოცულობა გამოვართვით ჩვენ მიწის ნაკვეთის, რომ მიემატოს „ანას ბაღს”. გარდა ამისა, დედაქალაქის მერია მზად არის, „ანას ბაღის” რეაბილიტია განახორციელოს და ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მწვანე სივრცე”,- ამბობს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, ,,ანას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობას ადგილობრივები რამდენიმე კვირაა აპროტესტებენ. ისინი მერიისგან მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.