ამ წუთებში ,,ანას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები სკვერს აწყობენ. ისინი სხვადასხვა გასართობ კონსტრუქციას ამონტაჟებენ და ხეებს რგავენ.
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, რადგან თბილისის მერმა მათ შვილებს სათამაშო სივრცე არ დაუტოვა, ისინი სკვერს აკეთებენ და ამ ფორმით ეწინააღმდეგებიან მშენებლობას.
,,არ ეგონოს არავის, რომ ფარხმალი დავყარეთ. ყველანაირ ღონეს მივმართავთ, რომ ჩვენი შვილებისთვის სივრცე შევინარჩუნოთ”,- ამბობს ის.
აქტივისტი გიგა მაქარაშვილის განცხადებით, ეს სკვერი იმის მაგალითი იქნება, თუ როგორ მოუგებს მართალი საზოგადოება სისტემას.
,,დილით გაღვიძებული თბილისი იგრძნობს, რომ მის ხელშია სიმართლე და შესაბამისად, მის ხელშია გამარჯვება. თუ არ დატოვებენ ამ სკვერს, ორჯერ უფრო დიდს ავაშენებთ, ვერ მოგვიგებენ”,- თქვა მაქარაშვილმა.
მოქალაქეები უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, ,,ანას ბაღთან” არ აშენდეს 10-სართულიანი კორპუსი.