ანიტას დღეს ჩამოასვენებენ – რას თხოვს ოჯახის ახლობელი მედიას

ანიტას ინდოეთიდან საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ოჯახის ახლობელი მარიკა ხუციშვილი ანიტას ჯგუფში წერს. ის ასევე თხოვნით მიმართავს ჟურნალისტებს რომ თავი შეიკავონ კითხვებითა და ფოტო გადაღებებით.

„არ ვიცი მერამდენე ღამეა, რომ ტრადიციულად მოგესალმოთ…

მნიშვნელოვან პოსტს ვწერ, მინდა ემოციების გარეშე მოგაწოდოთ ინფორმაცია, მაგრამ… ვწერ, ვშლი, ვწერ, ვშლი, ვწერ, ვშლი…

ამდენი ხნის განმავლობაში, ყოველ ღამე გწერდით ანიტას, მისი დედიკოს და მამიკოს ამბებს. პასუხისმგებლობა ავიღე, დაგპირდით, რომ ყველა ინფორმაციას გაგაცნობდით. კრიტიკული სიტუაციების დროს მიჭირდა, არ მინდოდა არაფრის წერა, მაგრამ ვწერდი იმიტომ, რომ თქვენ არც ერთი წამი არ მიგვატოვეთ და არც ჩვენ გვქონდა თქვენი მიტოვების უფლება…

ვწერ, ვშლი, ვწერ… ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა:

ანიტას ჩამოასვენებენ კვირას, 2 თებერვალს 20:15 საათზე.
სამთავრობო გასასვლელიდან გამოვლენ, ამიტომ შიგნით ვერ შეხვალთ.

ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა ვთხოვო/მოვთხოვო ჟურნალისტებს!

ძალიან გთხოვთ, არავინ არ მოხვიდეთ ფოტოების, სიუჟეტების, ლაივ/სინქრონების და კომენტარებისთვის! ამას იმიტომ ვწერ, რომ ბევრმა გვთხოვა კომენტარი გაგვეკეთებინა (არ ვიცი რა კომენტარი შეიძლება გაგვეკეთებინა) მე და ჩემ მეგობრებს, რაც ძალიან მიუღებელია ამ სიტუაციაში. ამიტომ გთხოვთ, დაფიქრდით სანამ რამეს მოიმიქმედებთ. თუნდაც ფოტო გადაიღოთ, დაფიქრდით ანიტას ოჯახის წევრები რას იგრძნობენ ამ ფოტოს რომ შეხვდებიან სოც. ქსელში.

ხუთშაბათს, 6 თებერვალს, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ამაღლების ეკლესიიდან გამოასვენებენ ანიტას“, – წერს მარიკა ხუციშვილი

შეგახსენებთ, რომ 2 წლის ანიტა ფაცაცია რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ, ვერაგ დაავადებას ინდოეთის კლინიკაში 30 იანვარს დანებდა.