სოციალურ ქსელში შექმნილ გვერდზე – “ანიტასთვის” ოჯახის ახლობელმა მარიკა ხუციშვილმა წუხელ გვიან ღამით დაწერა, რომ მინსკი ოპერაციაზე უარს ამბობს, რადგან ამ ოპერაციას იქ 10 წლამდე ბავშვებს არ უკეთებენ. მიუხედავად ამისა, ხუციშვილი წერს, რომ მოლაპარაკებები ბელორუსთან და იტალიასთან ისევ გრძელდება, ასევე დაწყებულია მოლაპარაკება ინდოეთთან.
“ბევრი გვწერთ, რატომ იტალია ან რომელიმე სხვა ქვეყანა, რატომ ვამბობთ უარს ავსტრიაზე და ა.შ. ჩვენს წინა განცხადებებში ნახავთ, რომ ჩვენ ფაქტობრივად შეზღუდული გვაქვს არჩევანი, რადგან: ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა ანიტასთვის გულის ტრანსპლანტაციაზე, რადგან მათი კანონმდებლობის მიხედვით არ აქვთ უფლება ორგანოს გაცემაზე, თუ პაციენტი არის უცხო ქვეყნის მოაქალაქე და არ უცხოვრია 1 წელზე მეტი იმ კონკრეტულ ქვეყანაში.
ასეთი ქვეყნებია: ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია, ფინეთი, ინგლისი, ისრაელი, თურქეთი, ბელგია, რუსეთი.
რაც შეეხება ინდოეთს, ირანსა და აშშ-ს, ამ ქვეყნებს განვიხილავთ ბოლო ვარიანტებად, რადგან გადაფრენა ძალიან ხანგრძლივია და ანიტასთვის უდიდეს რისკს წარმოადგენს, თუმცა უკიდურეს შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ რისკზე წასვლას და ანიტას ინდოეთში გადაყვანას. (ამ უკანასკნელთან მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ) რაც შეეხება ბელორუსს, მინსკის კლინიკიდან მოგვწერეს, რომ 10 წლამდე ბავშვებს არ უტარებენ ამ ოპერაციას. თუმცა ამ საკითხზე კიდევ მიდის მსჯელობა. ამ ეტაპზე ძირითად იმედს ვამყარებთ იტალიაზე, რომელთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები”, – წერს მარიკა ხუციშვილი.