აპაჭუნოს ახლა თვალები გიორგი გახარიამ და გვითხრას, წერილი უნდა თუ სიხარული, კონგრესმენების წერილის მიღების შემდეგ, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს.
„გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობა და სახელისუფლებო გუნდი მხოლოდ ცინიკურ პასუხებს იძლევა, რაც არანაირად არ ჯდება ხელისუფლების ტონში. სამწუხაროა, რომ გახარია ძალიან სერიოზულ კითხვებს ირონიით პასუხობს: „წერილი გინდა თუ სიხარული” და თვალების პაჭუნით. მაშინ აპაჭუნოს ახლა თვალები და გვითხრას, წერილი უნდა თუ სიხარული, ამ წერილის შემდეგ. სწორედ ეს არის ჩვენი უბედურება – იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის განვითარებაზე იმსჯელონ, გამოდიან და ღლიცინით პასუხობენ ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს. ამას ხედავს საქართველოს მოსახლეობა და ეს ასე არ დარჩება. ძალიან მალე თვალებჩაპაჭუნებულები დარჩებიან საქართველოს მოსახლეობის მხრიდან. ის წერილები, რომლებსაც ჩვენი ევროპელი ან ამერიკელი პარტნიორებისგან იღებს საქართველოს ხელისუფლება, არის საქართველოს მეგობრების წერილები. ასე უნდა მიუდგეს ხელისუფლება. ეს არ უნდა იყოს არც ოპოზიციის მხრიდან საფრიალებელი დოკუმენტი, რომ „აი, ხელისუფლებას ყური ავუწიეთ” და მეორე მხრივ, არც ხელისუფლება არ უნდა ისხლიტავდეს და ცინიკურ პასუხებს არ უნდა სცემდეს ამ წერილს. პოლიტიკური სპექტრი უნდა მივეჩვიოთ, რომ ჩვენი მეგობრებისგან მიღებული კრიტიკული წერილები გავიაზროთ და პასუხისმგებლობა გადავინაწილოთ, რაც გვეკუთვნის.
სჯობს, რომ ხელისუფლებამ, ცინიკური განცხადებების ნაცვლად, ყურად იღოს ეს რჩევები, დაჯდეს ოპოზიციასთან ერთად, გაუნაწილოს მას პასუხისმგებლობა და ერთად გადავწყვიტოთ, რა და როგორ უნდა გამოვასწოროთ. ჩვენი მეგობრები მსგავს განცხადებებს მაშინ აკეთებენ, როდესაც ხედავენ, რომ ქვეყანა სცდება დემოკრატიული განვითარების კურსს,”- განაცხადა კობერიძემ.