ნამდვილად არის დანაშაულის ნიშნები“, – ეს განცხადება, „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორმა, პაატა სალიამ გააკეთა.
პაატა სალია პროკურატურის მეირ ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება. სალია ამბობს, რომ საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ კომპანიის ინტერესების საზიანო გარიგება არის დადებული.
„ის გარემოებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ კომპანიის კუთვნილი თანხები, ვგულისხმობ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი თანხები აკუმულირდებოდა სხვა კომპანიაში, შემდგომ ამ სხვა კომპანიის მიერ ხდებოდა უძრავი ქონების შეძენა, რომელიც გადაეცემოდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ დირექტორს, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიის ინტერესების საზიანო გარიგება არის დადებული და შესაბამისად, კვალიფიკაციაც და საბოლოოდ დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი, ამასთან დაკავშირებით, დაადგენს სასამართლო, მე ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე შემიძლია ვთქვა, რომ აქ ნამდვილად არის დანაშაულის ნიშნები. ზუსტად, კონკრეტულ თანხასთან დაკავშირებით, მე ასე ვერ გეტყვით, კონკრეტული თანხების გაანგარიშება რა საფუძველზე მოხდა, როგორ მოხდა, თუმცა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია მეც მქონდა, იმიტომ, რომ ეს არის საჯარო ინფორმაცია, განთავსებულია საჯარო რეესტრში და “ინტერმედიის” მიერ კონკრეტული თანხების არგადმორიცხვის შედეგად, თუ სხვა გარემოებების შედეგად, ფაქტია, რომ “ინტერმედიას” საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება, რომელიც გადაცემულია შემდგომ სხვა პირისთვის,“ – განაცხადა პაატა სალიამ.
ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საგამოძიებო უწყების წარმომადგენლის თქმით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადების გარდა, “რუსთავი 2-ის” ამჟამინდელი გენერალური დირექტორის კომენტარებიც დაედო.
სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით დღეს 19:00 საათზე არის პროკურატურაში დაბარებული.
ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.