აქცია ბათუმში: გარდაცვლილი პაციენტების ახლობლებს ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა

ბათუმში დღეს საპროტესტო აქცია გამართეს ადამიანებმა, რომლებიც საკუთარი ოჯახის წევრების გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ და მათ დასჯას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ბაგრატიონის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს. ისინი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ. მოგვიანებით მათ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე შეხვდა. მან აქციის მონაწილეების პრეტენზიები და კონკრეტული შემთხვევების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
საპროტესტო აქციაში მონაწილეთა ოჯახის წევრები ბოლო ორი წლის მანძილზე გარდაიცვალნენ. ისინი მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეების კითხვები ლეგიტიმურია და ყველა შემთხვევას რეგულირების სააგენტო განიხილავს. თუმცა ზაალ მიქელაძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ „კონკრეტული შემთხვევების განზოგადება არ შეიძლება.რაც შეეხება აქციის მონაწილეების კითხვას, არსებობს თუ არა, სისტემაში პრობლემები, ზაალ მიქელაძემ უპასუხა, რომ ამისთვის გამოძიება არსებობს და მას კონკრეტულ შემთხვევებზე ინფორმაცია არ აქვს, რადგან რეგულირების სააგენტოში შესულ საკითხებს სააგენტო განიხილავს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები შეხვედრის შემდეგ აცხადებენ, რომ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პასუხები არ აკმაყოფილებთ.