ადგილობრივებმა დიღმის ტყე-პარკში კარვები გაშალეს და კომპანია „ანაგის“ მიერ შესაძლო მშენებლობა გააპროტესტეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთი ძველი შენობის ადგილას დაგეგმილია რესტორნისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა.
ეს არ არის პირველი პროტესტი. მას შემდეგ, რაც ახალი გენერალური გეგმის მიხედვით საკრებულომ დიღმის ტყე-პარკს საზოგადოებრივ – საქმიანი ზონის სტატუსი მიანიჭა, ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ანაგზე“ მშენებლობის ნებართვა გაიცა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რესტორნის აშენების შემთხვევაში, ტყე-პარკი კომერციულ ზონად იქცევა და ადგილობრივებს აღნიშნული ტერიტორიით სარგებლობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.
ადგილობრივების პროტესტს უპასუხა დედაქალაქის მერის მოადგილემ. მაია ბითაძე ამბობს, რომ გეგმა მხოლოდ რეკრეაციულ მიზანს ემსახურება. მოხდება მხოლოდ ტყე-პარკში არსებული შენობის გაუმჯობესება და მისი ფუნქციის შეცვლა. იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად საგამოფენო ცენტრის მოწყობა.