აქცია საპატრიარქოსთან დეკანოზის შეწყალების მოთხოვნით

საქართველოს საპატრიარქოსთან მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად გამართული საპროტესტო აქცია დასრულდა. დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე საქართველოს პატრიარქს მოუწოდებს დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართოს.
დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციაში პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ. საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია“, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე, რესპუბლიკელების ლიდერი ხათუნა სამნიძე და „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ნიკა მაჭუტაძე.
საპროტესრო აქციაზე გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად მივიდნენ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია.
„ის, რომ ზიარება მოხდა, ეს არის კარგი, მაგრამ, სამწუხაროდ, სანამ ამ მდგომარეობამდე არ მივიდა, არ მოხდა მისი ზიარება. მივმართავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რადგანაც ჩემი ძმა არის სასულიერო პირი და მისი მღვდელია. ასეთი განმეორებით შემთხვევაში, ჩემი ძმის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამიტომაც მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით“.- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს საღამოს გადაიყვანეს. გუშინ, გვიან საღამოს კი ის ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზმა ღუდუშაურის კლინიკაში აზიარა. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, ინსულტის გამო, მამა გიორგი მამალაძეს ლაპარაკი არ შეუძლია.
დეკანოზი გიორგი მამალაძე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ზიარებას ითხოვდა, თუმცა, ამ დრომდე თანხმობა არ ჰქონდა მიღებული.დეკანოზის ზიარების მოთხოვნით გიორგი მამალაძის ოჯახი საპატრიარქოსთან აქციას რამდენიმე დღის განმავლობაში მართავდა.
ზიარების შემდეგ ოჯახის წევრებს ერთადერთი მოთხოვნა რჩებათ – მისი შეწყალება.