არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის გადადგომას საკანონმდებლო ორგანოსთან აქციით ითხოვს.პროტესტის ორგანიზატორები არიან “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის,””თანასწორობის მოძრაობა” და “ქალთა მოძრაობა.”მათი შეფასებით,სოფიო კილაძის საჯარო განცხადებები და პირადი დამოკიდებულება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან სრულიად შეუსაბამოა მის ამჟამინდელ თანამდებობასთან.
აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, “სოფიო კილაძის დამოკიდებულება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ შეუსაბამოა საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებულ პოლიტიკასთან, ზოგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მას, ატარებს დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული ჯგუფების ჩაგვრის გამართლებისკენ.”
აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ “სოფიო კილაძეს არც განათლება აქვს და არ არის სისხლხორცით უფლებადამცველი. ის არის ადამიანი, რომელსაც უმცირესობებთან აქვს პრობლემები, ვერ ეგუება მათ და არ არის ტოლერანტული; თავს ესხმის უფლებადამცველებს”.
დღევანდელი აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 4 თებერვალს, ბავშვის უფლებათა კოდექსის განხილვისას სოფიო კილაძე დაუპირისპირდა არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წევრებს ანა არგანაშვილსა და ანა აბაშიძესთან, რომლებიც დესტრუქციულ ქმედებებში დაადანაშაულა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა სოფიო კილაძის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია 2018 წლის მაისის დასაწყისშიც გამართა მას შემდეგ, რაც კილაძემ განაცხადა, რომ კომიტეტი არ აპირებს 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას.