აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 30 ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, იანვარში მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 30 ფაქტი გამოავლინეს.ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ამ ეტაპზე, ბრალდებულის სახით, 15 პირი პასუხისგებაშია მიცემული.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების 30 000 კოლოფზე მეტი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 117 000 ლარს აღემატება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.