აქვს მინუსები, ასევე, აქვს პლუსები- კალაძე ამერიკულ ბაზებზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსების  საკითხს აქვს როგორც პლუსები, ასევე მინუსები.კალაძემ ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებით გადაცემა იმედი LIVE-ში ისაუბრა და განაცხადა რომ  ამ ეტაპზე დღის წესრიგში ეს საკითხი არ დგას.

“თვითონ ბაზებს რაც შეეხება, მე მაშინაც გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ხდება ზოგადად, წინასწარი კომუნიკაციის, მთავრობის მოლაპარაკებების შედეგად. ამერიკა, ვიცით ახლა, არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და დამხმარე, მეგობარი ქვეყანა არის და რაც კი ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ მას შემდეგ ჩვენ გვეხმარება, მხარს გვიჭერს, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა ჩვენთან ერთად, შესაბამისად, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან თემებზე არის საუბარი, ეს მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების შედეგად ხდება, გადაწყვეტილებების მიღება, როგორც მინუსები აქვს ამ კონკრეტულ თემას ბაზებთან დაკავშირებით,  ასევე აქვს პლიუსები. შესაბამისად ეს არ არის მარტივი საკითხი და დღის წესრიგში არ დგას”, — განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ,  საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ  ინტერვიუში განაცხადა,რომ საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის აშენება რეკომენდებული არ არის, რადგან ეს  შესაძლოა, პროვოკაციად აღიქვან. 

პრეზიდენტის ამ  განცხადების შემდეგ კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიციები პარტიასთან არ უნდა გაიგივდეს, რადგან ის “ქართული ოცნების”  წევრი არ არის.