იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, სანდრო ბერიძის, გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ანა დოლიძის თქმით, უნდა შეწყდეს აზარტულ თამაშებზე შვილების სიცოცხლის შეწირვა.
„ჩემო კარგო ხალხო, არ არის კარგი ამბავი. სანდრო ბერაძე იპოვეს გარდაცვლილი. ნათელში იყოს მისი სული. ვიზიარებ მისი ოჯახის ღრმა მწუხარებას. ეს დიდი ტრაგედიაა. ჩვენის მხრივ კი გავერთიანდეთ და ხმა ამოვიღოთ აზარტული თამაშების უბედურების წინააღმდეგ. შევწყვიტოთ ჩვენი შვილების სიცოცხლის შეწირვა ამ ჭირს. “ქართული ოცნება“ სასწრაფოდ დადეთ კანონმდებლობა“,- წერს ანა დოლიძე.
ცნობისთვის, სანდროს გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 26 ოქტომბერს გავრცელდა. მისი გაუჩინარების შემდეგ, სანდროს დედა აცხადებდა, რომ შვილს ბოლოს, 25 ოქტომბერს, შუადღისას, ტელეფონით ესაუბრა.
დედის თქმით, სანდრო აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული, რის გამოც ბოლო სატელეფონო საუბრისას, დედას ბოდიში მოუხადა.
„შუადღისას დამირეკა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. დაგვემშვიდობა, მეც თავის ძმასაც ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა, აღარ ვაპირებ ასეთ ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში ყოფნასო“, – ამბობდა დედა.
რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი სანდრო ბერიძე, ცხვარიჭამიასთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს.